ბებიას
ქალების გაძლიერება
სოციალური საწარმო „ბებიას” დაფუძნდა 2018 წლის 7 სექტემბერს. „ბებიას” ქართული ბრენდია, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ბებიებსა და საზოგადოების დანარჩენ ნაწილს და სიმბოლურია, რომ ეს კავშირი ბებიის მოქსოვილი ყველაზე თბილი პროდუქტით მყარდება. „ბებიას” სოციალური მისიაა ხანდაზმული ადამიანების და განსაკუთრებით ქალბატონების - ბებიების გაძლიერება მათი ღირსეული სიბერის უზრუნველსაყოფად. სოციალური საწარმო სახლში მყოფ ბებიებს საშუალებას აძლევს, მიიღონ დამატებითი შემოსავალი საყვარელი ხელსაქმით, ხოლო მეორე მხრივ, ქმნის მაღალი ხარისხის თბილ და ეკომეგობრულ პროდუქტს.
პროდუქცია „ბებიას” მომხმარებელს სთავაზობს ბებიების ხელით, 100%-ით ნატურალური ქართული შალით მოქსოვილ ქუდებსა და სხვა აქსესუარებს. ჩამონათვალშია: ქუდები, ხელთათმანები, წინდები. გათვლილია როგორც საცალო, ისე კორპორატიულ გაყიდვებზე. სურვილისამებრ, კორპორატიული სერვისის სახით, „ბებიას” მომხმარებელს სთავაზობს ბრენდირებული იარლიყების დამზადებასა და ქუდებზე განთავსებას.